აფხაზეთი

კალაძე: აფხაზეთი რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიით მომარაგდება

facebook.com/kakhakaladzeofficial

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის მოკლევადიანი და ოპერატიული გზა რუსეთიდან დამატებითი მოცულობის ელექტროენერგიის შემოტანაა. 

"მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს სახელმწიფოს კეთილი ნება და მყარი პოზიციაა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურჰესის და ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კალაძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და, შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.

„შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მივიჩნიეთ რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს“, - ამბობს კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით.

კომენტარები