რუსეთი-სირია

მედვედევი: ასადის გარეშე სირიაში ქაოსი დამყარდება

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი პირადად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კი არ უჭერს მხარს, არამედ, უბრალოდ, ინარჩუნებს მეგობრულ კავშირებს სირიასთან, როგორც ქვეყანასთან. მისი თქმით, რუსეთსა და სირიას შორის კავშირები ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ასადის პრეზიდენტობის პერიოდში დამყარდა.

"ვფიქრობთ, რომ სირიაში დღესდღეობით ბაშარ ალ-ასადის გარდა, სხვა ლეგიტიმური ძალა არ არსებობს. თქვენ შეიძლება, ეს მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, მაგრამ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია. თუ ჩვენ მას ამ სტრუქტურიდან გამოვიყვანთ, მივიღებთ ისეთ ქაოსს, როგორიც ახლო აღმოსავლეთში არაერთხელ გვინახავს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი ლიბია, რომელიც ნაწილებად დაიშალა. ჩვენ არ გვჭირდება მებრძოლი ბანდიტების ხელში მყოფი ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ რელიგიურ რიტორიკას იყენებენ ისინი", - აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების იერიშებს სირიაში რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი თავად რუსეთის ტერორისტებისგან დაცვაა.

"პირველი მიზეზი, რამაც რუსეთი იძულებული გახადა, დაეწყო იერიშები, არის ეროვნული ინტერესების დაცვა. სირიაში უამრავი ტერორისტია, რომლებსაც რუსეთში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა და ტერაქტების განხორციელება. ამას გარდა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნასაც აქვს სამართლებრივი საფუძველი", - ამბობს რუსეთის პრემიერი.

მედვედევი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახმელეთო ომი არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

"თუ მას სურს გრძელვადიანი ომი, მაშინ მას შეუძლია სახმელეთო ოპერაციის დაწყება, მაგრამ ნუ ცდილობს ნურავის დაშინებას. საჭიროა დავიწყოთ მოლაპარაკებები იმ ჩარჩოში, რომელიც ლავროვთან არის შეთანხმებული. არც იმას ვამბობ, რომ თუ რამე არასწორად წავიდა, ჩვენ დავიწყებთ სახმელეთო ოპერაციას რომელიმე არაბულ ქვეყანასთან ერთად. ვიმეორებ, არავის სურს ახალი ომი, სახმელეთო ოპერაცია არის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ომი და ეს არავის ინტერესებში არ შედის. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ", - აღნიშნა მედვედევმა.

კომენტარები