უბედური შემთხვევა

თბილისის აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კომპანია Black Sea Group აცხადებს, რომ "შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული". კომპანიის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 26 წლის მუშა დაიღუპა.

დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მარტიდან რეისები შეცვლილი გრაფიკით შესრულდება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00, ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00 შუალედში დაიკეტება. 

კომენტარები