წმინდა სინოდი

სინოდის სხდომაზე წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ

წმინდა სინოდი
wikipedia.org

დღეს, 12:00-ზე საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მასზე მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ სინოდის სხდომის ჩატარება ფორსირებულად დაიგეგმა.

"სინოდის სხდომის ჩატარება ფორსირებულად დაიგეგმა, რადგან საზოგადოებამ შეიტყოს ამ კრების შედეგები, რა იქნება და როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საზოგადოებამ იცოდეს, ასევე რა გადაწყვეტილებები იქნება კრებაზე მიღებული. ამიტომ, მხოლოდ ამ საკითხების განსახილველად დაიგეგმა წმინდა სინოდის სხდომა", - განაცხადა ბოტკოველმა.

ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.

კომენტარები