წმინდა სინოდი

მეუფე ზენონი დეკანოზ ილიაზე: ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისია იქნება ობიექტური

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების მე-4 პუნქტს, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასა და დეკანოზ ილია ჭიღლაძეს

"აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და სამოციქულო ტრადიციის სულისკვეთებაში ეკლესიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, იქონიოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რაც არ შეეხება ეკლესიის უწმინდეს დოგმატებს. ამასთანავე, განსხვავებული შეხედულების გამოხატვის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს ქრისტიანულ მრწამსსა და ფუნდამენტურ ეთიკას, რომელიც ადამიანის ღირსებას უმნიშვნელოვანეს ფასეულობად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება მოყვასისადმი. 

ამ ყველაფრის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე არაერთხელ იქნა შეგონებული. მღვდელმთავრის მრავალგზისი გაფრთხილების შემდეგ, არც თუ დიდი ხნის წინ საჯარო სინანულიც გამოთქვა საკუთარი არაკორექტული გამოხატვის ფორმების გამო და გარკვეული პერიოდით საეკლესიო ეპიტიმიასაც დაექვემდებარა". – ნათქვამია განცხადებაში.

 ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ, რამდენადაც საქართველოს ეკლესიის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია არის წმინდა სინოდი, რომელმაც დეკანოზ ილიას საქმის განხილვა დაიწყო, სამართლებრივად შეუძლებლი ხდება შიდაეპარქიულ დონეზე ამ საკითხისათვის შემდგომი მსვლელობის მიცემა. 

"გადავიდა რა საკითხი მთლიანად წმინდა სინოდის განკარგულებაში, პატივისცემით აღძრულნი ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისიის წევრები იქნებიან ობიექტურნი, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა კანონთა სულისკვეთებით და ამ სულისკვეთებას განავრცობენ სხვა სასულიერო პირებზეც, რომლებიც ასევე შეურაცხმყოფელნი არიან მოყვასისადმი. სოციალური ქსელები ინახავენ არაერთ მოწმობას, ამ ადამიანთა მხრიდან სასულიერო და საერო პირების მისამართით არაერთგზის განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმებისა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ეპარქიის ცნობით, მსოფლიო კრებათა კანონიკური განწესებები, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კანონიკური დადგენილებები, არ უკრძალავენ მღვდელმთავარს საკუთარი ეპარქიიდან სასულიერო პირის განტევებას. ამ კანონიკურ მოცემულობაზე დაყრდნობით, მიმართა ეპარქიას წერილობითი თხოვნით ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კანონიკურად განეტევებინა ჩვენი ეპარქიის დიაკვანი, აწ უკვე მღვდელი ილია ჯინჯოლავა. 

"რამდენადაც არ არსებობდა არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება, არც სამართლებრივი და არც პიროვნული ხასიათისა (თავად მამა ილია ჯინჯოლავაც თანახმა იყო გადასულიყო კონსტანტინოპოლის ეპარქიაში), უძველეს საეკლესიო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაუბრკოლებლად განვუტევეთ ეპარქიიდან მამა ილია, რომელიც ამჟამად კონსტანტინოპოლის ეპარქიის მღვდელმსახურია. 

ის ფაქტი, რომ არ არსებობდა არანაირი კანონიკური დაბრკოლება ამ განტევების განსახორციელებლად, დასტურდება თავად წმინდა სინოდის განჩინების მე-10 პუნქტშიც, რომელიც ცდილობს, მომავლისათვის დაარეგულიროს ასეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა, მართვა-გამგეობის დებულების დასახელებული პუნქტის შესაბამისობა წმინდა კანონებთან შესაძლოა, გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები". – ნათქვამია განცხადებაში.

სინოდის იმ განჩინების მიხედვით, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე 12 თებერვალს გამოქვეყნდა, სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. 

"ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით, დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა". – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ განჩინებასთან დაკავშირებით დაწერა, რომ "საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, არამედ სინედრიონი".

კომენტარები