წმინდა სინოდი

დეკანოზი თამაზი სინოდზე: ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს

მამა თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე მხარდაჭერას უცხადებს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, რომელზეც საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, მთავარეპისკოპოს ზენონისგან რეაგირება მოითხოვა. 

როგორც დეკანოზი თამაზი Facebook-ზე წერს, შეუძლებელია, კაცმა ვერ დაინახოს, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის აქტიურობა, სტატიები, თუ მიმართვები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის უანგარო სიყვარულითა და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. 

"შეუძლებელია, მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა. ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინოს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბროს, არამედ რეალურად გაითვალისწინოს ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს". – წერს დეკანოზი თამაზი. 

სინოდის იმ განჩინების მიხედვით, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე 12 თებერვალს გამოქვეყნდა, სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. 

"ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა". – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 35 მღვდელმთავარი. 

 

კომენტარები