NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

სტოლტენბერგი: საქართველომ რეფორმების კუთხით მეტი უნდა იმუშაოს

იენს სტოლტენბერგი
NATO

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მეტი ძალისხმევაა საჭირო რეფორმების კუთხით, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. მისივე ინფორმაციით, NATO-ს საწვრთნელი ცენტრი თბილისში მუშაობას მიმდინარე წლის მაისში დაიწყებს.

"ახლა შედგა NATO-საქართველოს კომისიის კარგი შეხვედრა. საქართველო მისი რეფორმების დამსახურებითა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციით NATO-ს უახლოვდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ეხმარება საქართველოს, რათა დაუახლოვდეს ალიანსის წევრობას. დღეს ჩვენ შევაჯამეთ მიღწევები. არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვას. მაისში თბილისში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნება, სადაც დავიწყებთ ქართველი ოფიცრების პირველი ნაკადის გაწვრთნას. ეს კარგი ამბავია. ასევე ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად. დღეს მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ძალისხმევა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. ალიანსის წევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ისინი საქართველოს ნაწილებია. ჩვენი მონდომება საქართველოს მიმართ ძლიერია. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შენებაში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები