NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

ბრიუსელში NATO-საქართველოს არსებით პაკეტს განიხილავენ

NATO

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მისი კოლეგები მონაწილეობენ. სხდომაზე საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებს განიხილავენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის გამოსვლაში საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

"NATO-სა და საქართველოს ძლიერი და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ. NATO-ს მოკავშირეების მტკიცე სურვილია, ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, უსაფრთხოების ალიანსები. ბოლო სამიტზე უელსში სექტემბრის თვეში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ზომების არსებით პაკეტს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და NATO-ს ძალებთან ერთობლივი მუშაობის უნარების გასაძლიერებლად. ჩვენ ამ პაკეტის იმპლემენტაციის საქმეში ძალიან კარგ პროგრესს მივაღწიეთ. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ბიძგს მივცემთ ამ მნიშვნელოვან სამუშაოს, რათა დავეხმაროთ საქართველოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაში და საშუალება მივცეთ, NATO-ს წევრობას კიდევ უფრო დაუახლოვდეს", - თქვა სტოლტენბერგმა.

გუშინ იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

კომენტარები