NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

ფანჯიკიძე: საქართველომ NATO-ს წევრი ქვეყნებისგან ქება დაიმსახურა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისგან, მიღწეული პროგრესის გამო, ქება დაიმსახურა. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შეფასებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, ასევე ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების იმავე სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობას, როგორითაც წინა არჩევნები ჩატარდა.

"ოცივე ქვეყანა ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს აღნიშნული NATO-ს შემდეგ სამიტზე. კონკრეტიკა, თუ როგორი იქნება ამ პროგრესის ასახვა, არ ყოფილა დღევანდელ სხდომაზე, რადგანაც ალიანსს ჯერ კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ NATO-ს სამიტისთვის მოემზადოს და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი NATO-სკენ ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი სხდომით. მე ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე იმ საკითხებზე, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს აინტერესებდათ. ვისაუბრე იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ტარდება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები