NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

NATO-საქართველოს კომისიამ მავთულხლართების გავლების საკითხზეც იმსჯელა

ანდერს ფოგ რასმუსენის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. გარდა ამისა, მან NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომას ასევე დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. შეხვედრაზე საქართველის მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

"ერთმნიშვნელოვნად და ერთსულოვნად ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზების გავლების მიუღებლობას და დაუშვებლობას. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ისე NATO-ში ცალკეული ქვეყნების ელჩებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათთვის მიუღებელია და ისინი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მრავალმხრივ ფორმატებში, დააფიქსირებენ თავიანთ მკაცრ და მტკიცე პოზიციას ასეთი საოკუპაციო ხაზების გავლების დაუშვებლობაზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე ისაუბრეს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების და მომავალ წელს მისი ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

ალექსი პეტრიაშვილისა და დავით ზალკალიანის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე "საქართველოს NATO-სკენ მიმავალი ნათელი და ცალსახა გზა, რომელიც საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მიმდინარე რეფორმებს ეფუძნება, კიდევ ერთხელ დაადასტურეს". 

აპატურაი წერს, რომ ზალკალიანმა და პეტრიაშვილმა საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებთან დაკავშირებით, ბევრი მილოცვა მიიღეს.

"მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მათ შორის, რუსების მიერ საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების საკითხშიც. ასევე, მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე შეუქცევადი გახდეს", - აღნიშნავს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი.

კომენტარები