NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

სტოლტენბერგი: ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო მიუახლოვდეს NATO-ს წევრობას

NATO

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მისი კოლეგები მონაწილეობდნენ. სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.

"NATO-სა და საქართველოს ურთიერთობა ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო ღრმავდება. NATO ეხმარება საქართველოს, რათა მისი თავდაცვა იყოს უფრო თანამედროვე, რაც დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვდეს NATO-ს წევრობას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ხელსუფლებას რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ თბილისში ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ვქმნით, სადაც წვრთნებს NATO-ს, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები გაივლიან. NATO-ს ათზე მეტი ქვეყანა ამ ცენტრის შესაქმნელად თავის წვლილს გაიღებს. რამდენიმე მათგანმა მზადყოფნა დღევანდელ შეხვედრაზეც გამოთქვა. ეს საქართველოსთან თანამშრომლობისადმი NATO-ს ძლიერი ერთგულების ნათელი სიგნალია", - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე რუსეთის ქმედებები დაგმო და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებების ერთგული რჩება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასევე იმას, რომ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობის არსებული მექანიზმები ალიანსში მისი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს მოიცავს. ალიანსის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს NATO-ს ISAF-ის მისიაში.

კომენტარები