დავა მაესტროს გარშემო

გაჩეჩილაძე: რეესტრი პრემიერის ჩარევის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა

გია გაჩეჩილაძე
civil.ge

ტელეკომპანია მაესტროს წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მისი ძმის დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს. გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრის გუშინდელ გადაწყვეტილებას კანონიერების, ბიზნესისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში იუსტიციის მინისტრი და პრემიერმინისტრი არიან ჩარეულები.

„მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა, ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი „მეგობრის" - პრემიერმინისტრის გარეშე", - ამბობს გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია მაესტრო და რუსთავი 2 ხელს უწყობენ საზოგადოების აზრის მართვას და სწორედ მათი "მსხვერპლი" გახდა საჯარო რეესტრი. მისი თქმით, ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

„რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს - არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და „გადააგდოს" კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია, გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება „თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და „პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით - „მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და "ყველაფერი ბიძინას ბრალია". როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა „მაესტროს", არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა", - ნათქვამია ღია წერილში.

გია გაჩეჩილაძის შეფასებით, ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე და „არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს და ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან". მისი თქმით, „ეს ნიკა გვარამიას და ეთერ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო ჰგავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია".

მაესტროს წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აცხადებს, რომ „საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა". მისი თქმით, ამიტომ განაგრძობს ბრძოლას მაესტროს გადასარჩენად.

ცნობისთვის, გუშინ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხის განხილვა 30 დღით შეაჩერა. რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე მიიღეს. რეესტრს 30 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. რეესტრის ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

კომენტარები