დავა მაესტროს გარშემო

მაესტროს ჟურნალისტები: დავის დასრულებამდე, დირექტორად ბაია გადაბაძე დარჩეს

მაესტროს ჟურნალისტები კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს. მათი თქმით, გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს მაესტროს გუნდის სახელით.
განცხადებას ხელს აწერენ გადაცემების - "კონტაქტი", "მაესტროს ფაქტორი", "ბიზნესკონტაქტი", "საქმიანი დილა" და "ერთი წუთი მაესტროზე" ჟურნალისტები.

"კიდევ ერთხელ, მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას. სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ. ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს "მაესტროს" გუნდის სახელით. ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა", - ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძემ და მისმა ადვოკატმა საჯარო რეესტრში გაჩეჩილაძის ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დანიშვნაზე განაცხადი უკვე შეიტანეს. გაჩეჩილაძის თქმით, დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება. მაესტროს პარტნიორთა კრების მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე კი საჯარო რეესტრისგან მოითხოვს, დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს. მან აღნიშნული თხოვნით რეესტრს გუშინ მიმართა.

კომენტარები