საქართველო-ირანი

საქართველოს მთავრობა: ირანთან სავიზო რეჟიმს გავაუქმებთ

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს.

"გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება. საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2013 წლის 1 ივლისს ცალმხრივად, „დროებით შეაჩერა" უვიზო რეჟიმი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. 

საქართველომ და ირანმა მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის თბილისში ვიზიტის დროს. შეთანხმება, რომელიც 2011 წლის იანვარში შევიდა ძალაში, ითვალისწინებდა 45-დღიან უვიზო შეღავათს საქართველოსა და ირანის მოქალაქეებისათვის ირანსა და საქართველოში მოგზაურობის დროს. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში ირანელ ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. კერძოდ, თუ 2010 წელს 21 ათასმა ირანელმა იმოგზაურა საქართველოში, 2012 წელს ეს რიცხვი 90 ათასამდე გაიზარდა.

კომენტარები