ენერგეტიკა

ირანული მედია: ირანმა შესაძლოა სომხეთს გაზის მიწოდება გაუზარდოს

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი ირანში
iranvajahan.net

ირანული მედიის ინფორმაციით, სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ხუთჯერ შეიძლება გაიზარდოს. ირანის ბუნებრივი აირის ექსპორტის კომპანიის თავმჯდომარის, ალი რეზა ქემელის თქმით, სომხეთს ამჟამად დღეში ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება, თუმცა უახლოეს პერიოდში მისი ხუთ მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდაა შესაძლებელი. 

ირან-სომხეთს შორის ბუნებრივი აირით ვაჭრობა ბარტერული ხელშეკრულებით ხდება. ირანი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის, რის სანაცვლოდაც სომხეთი ირანს ელექტროენერგიას უბრუნებს. სომხეთს გახუთმაგებული მოცულობის ბუნებრივი აირის შესყიდვა მაშინ შეეძლება, როდესაც ირან-სომხეთს შორის ახალი 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება და სომხეთს ირანისთვის გაზრდილი მოცულობის დენის დაბრუნება შეეძლება. კონტრაქტის პირობებით, ყოველ კუბურ მეტრ გაზს სომხეთი 3 კილოვატ ელექტროენერგიად ყიდულობს.

ირანსა და სომხეთს შორის 2009 წელს ახალი, 2 მილიარდ მეტრ კუბის გამტარიანობის მილსადენი აშენდა. თუკი ირანი სომხეთის ყოველდღიურ გაზმომარაგებას 5 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის მილსადენის წლიური დატვირთვა 1.8 მილიარდი მეტრ კუბი გახდება. დღეისთვის სომხეთის გაზმომამარაგება 2.2 მილიარდ მეტრ კუბს შეადგენს ამ გაზის 80%-ს სომხეთი რუსეთიდან, საქართველოზე გამავალი მაგისტრალური მილსადენით იღებს. თუკი მაგისტრალურ მილსადენში გამავალი გაზის მოცულობა შემცირდება საქართველო რუსეთიდან უფრო ნაკლები მოცულობის უფასო გაზს მიიღებს. 

საქართველომ, რუსეთმა, ირანმა და სომხეთმა 24 დეკემბერს ახალი ენერგეტიკული გაერთიანება დააფუძნეს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნები ერთმანეთს ახალი 400 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზებით დაუკავშირდებიან. 2018 წელს პროექტის დასრულების შემდეგ კი ირანს გაზის სანაცვლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არამარტო სომხეთიდან, არამედ საქართველოდან და რუსეთიდანაც შეეძლება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ახალი სადენებით საქართველოს საკუთარი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა ირანშიც შეეძლება რაც მისასალმებელია. 

"ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიის დროს მოვახდინოთ მისი გატანა ირანის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ირანს საკმაოდ დიდი დეფიციტი აქვს. მოთხოვნა არის ძალიან დიდი ირანულ ბაზარზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სომხეთის გავლით მოვახდინოთ ენერგიის გატანა მომავალში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ირანის მიმართულებითაც. მემორანდუმის საშუალებით ასევე გვექნება საშუალება, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი, გვექნება საშუალება ელექტროენერგია შემოვიტანოთ ირანიდან", - ამბობს კახა კალაძე. 

კომენტარები