კომუნიკაციები

ალასანია: ჩვენი ინფორმაციით, "ვიმპელკომთან" მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია

facebook.com/alasaniairakli


თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ინფორმაციით, მაგისტრალური ინტერნეტ-ბოჭკოვანი კაბელის რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ვიმპელკომისთვის მიყიდვის თაობაზე მოლაპარაკება დადასტურებულად მიმდინარეობს.

ირაკლი ალასანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გამოეხმაურა. ვახტანგ აბაშიძემ თქვა, რომ საქართველოში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, კავკასუს ონლაინმა საცალო მომსახურების სეგმენტი მიყიდოს კომპანია მობიტელს, რომლის ერთერთი დამფუძნებელი რუსული ვიმპელკომია.

„ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, რამდენიმე თვეა, არსებობდა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გადავამოწმეთ და ჩვენი ინფორმაციით, დადასტურდა, რომ საუბარი არ მიდის მხოლოდ ამაზე. საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაგისტრალური ხაზი, რომლითაც სარგებლობს საქართველო და კავკასია, შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ვიმპელკომის ხელში. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს მოლაპარაკება შევიდა დასკვნით ფაზაში." - ამბობს ალასანია.

შეშფოთება იმის თაობაზე, რომ „ქართული ინტერნეტ სივრცე, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს", თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა გუშინ გამოთქვა.

საუბარია საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე, რომლითაც ამჟამად კავკასუს ონლაინი ოპერირებს. თავად კავკასუსის ბოლო პერიოდის განცხადებით, ის კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს და სურს საცალო მომსახურების სეგმენტის შპს მობიტელისთვის გადაცემა, რომელიც, თავის მხრივ, ვიმპელკომის შვილობილი კომპანიაა. რაც შეეხება საბითუმო ბაზრის სეგმენტს, რაც გულისხმობს ქსელურ ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ მაგისტრალს, კავკასუსი ოპერირების გაგრძელებას აპირებს.

ალასანიას ცნობით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის დეტალებს საზოგადოებას ხვალ, ორშაბათს გააცნობენ.

 

კომენტარები