თავისუფალი დემოკრატები

ალასანია: მთავრობაში ერთი დათო ზალკალიანის დაბრუნება ვერ დაგვარღვევს

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნებით ხელისუფლება შეეცადა ალასანიას გუნდისთვის ზიანი მიეყენებინა. ამის შესახებ მან რადიო ქალაქის ეთერში ისაუბრა. ირაკლი ალასანიას მტკიცებით, მისი გუნდის დაშლას "სააკაშვილის რეჟიმიც" ცდილობდა და ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, "ივანიშვილის რეჟიმიც".

"დათომ გადაწყვიტა, რომ აღარ იყოს საჯარო პოლიტიკაში, ამაზე ერთი წლის წინ გვქონდა საუბარი. შემდეგ მან გადაწყვიტა და ჩაუდგა ლევან მიქელაძის, ჩვენი დამფუძნებლის პარტიის ფონდს სათავეში. მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი და ასევე მოულოდნელი იყო მისი ნაბიჯი, რომ ეს ფონდიც მიატოვა და დაბრუნდა სამთავრობო გუნდში. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მე დარწმუნებული ვარ, დათოს კვალიფიკაცია გამოადგება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგრამ ივანიშვილს ექნებოდა მიზნად, რომ ბზარი შეეტანა სწორედ ჩვენი გუნდის სიმყარეში. მე მინდა გითხრათ, რომ დაწყებული სააკაშვილის რეჟიმიდან, შემდეგ უკვე, როცა ოპოზიციაში გადავედით, ივანიშვილის რეჟიმიდან, ყველა ცდილობდა ამ გუნდის დაშლას, იმიტომ რომ ეს არის ძლიერი გუნდი, კვალიფიციური ხალხის გუნდი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ამიტომ, ერთი დათო ზალკალიანის დაბრუნება მთავრობაში, რასაც მიზნად ბზარის შეტანა ჰქონდა, ვერ დაგვარღვევს. ისე ვართ გაერთიანებული, როგორც არასდროს, იმიტომ რომ დავინახეთ ჩვენი რეალური შესაძლებლობა. მარტო გავდივართ არჩევნებზე, დამოუკიდებლად. ვგრძნობთ ხალხის მზარდ მხარდაჭერას და დადგა ის პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, როდესაც შეიძლება სუფთა ხელებით და სწორი მესიჯებით ამ საარჩევნო გარემოში მიაღწიო ელექტორალურ წარმატებას" - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, 7 თებერვალს თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ჩატარდება, სადაც გუნდს ახალი წევრები შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაატოვებინეს, შემდეგ კი ევროპულ და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტი, ალექსი პეტრიაშვილიც გადადგა. ზალკალიანთან ერთად გადადგა მისი კოლეგა თამარ ბერუჩაშვილიც, რომელმაც შემდგომ ეს ნაბიჯი "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" დააბრალა და საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდა. გასული წლის პირველ სექტემბერს კი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილი გადააყენა და მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა, რომელიც რამდენიმე თვეში პრემიერმინისტრი გახდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კი მისმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდა უწყებაში დავით ზალკალიანი. 

კომენტარები