საპარლამენტო არჩევნები 2016

ალასანია ენმ-სთან და ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ გამორიცხავს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ მან რადიო ქალაქში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, როგორ წარმოუდგენია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ალასანიამ უპასუხა, რომ პარლამენტში მინიმუმ სამი განსხვავებული ძალა იქნება და მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, შემდეგ კი დიდი შანსია კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს.

"დიდი შანსია, რომ დაგვჭირდეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს მოხდება მას მერე, როდესაც ჩატარდება არჩევნები და ეს იქნება ძალიან ჯანსაღი ქართული დემოკრატიისთვის. ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში, ეს იქნება ახალი ეტაპი ჩვენი განვითარებისთვის. მე, პრაქტიკულად, უფრო მგონია, რომ მოგვიწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე ვარ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ნორმალური, უკეთესი ხალხით შევიდეს ქართული ოცნება და სხვა ოპოზიციური ძალებიც, რომ იქ თანამშრომლობის მეტი სივრცე გაჩნდეს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და არჩევნებამდე ქართულ ოცნებასთან არანაირ ალიანსში არ შევლენ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანიამ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა დაახლოებით ერთი წლის წინაც არ გამორიცხა. როგორც მან ტაბულას ეთერში განაცხადა, იმაზე ფიქრი შეიძლება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, მისმა ფრაქციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 18 დეპუტატის დარწმუნებაზე იმუშაოს.

კომენტარები