ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი მთავრობას: დაიცავით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციაში საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაზე, პროკურატურის რეფორმირებასა და პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელობაზეა საუბარი.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სასამართლო საქმეები უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს და სრულად გაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და დეპოლიტიზების ჩათვლით. ევროპარლამენტი შეშფოთებული რჩება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლითაც პროკურორები და გამომძიებლები ირჩევიან; ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უწყვეტი ძალისხმევისკენ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის განსამტკიცებლად, ასევე შსს-სა და სუს-ის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის გაზრდისკენ", - წერია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტი იხსენებს ვენეციის კომისიის 2015 წლის 22 სექტემბრის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი და ადეკვატური ზომები, რათა დაიცვას მოსამართლეები და მათი ოჯახები, გამოიძიოს და დასაჯოს ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად.

კომენტარები