ეროვნული ბანკი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და ნათია თურნავასთვის სანქციების დაწესების მოწოდებას "ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითს" უწოდებს. უწყების შეფასებით, "გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას" და ამ მიზნების მისაღწევად, ევროპარლამენტის პლატფორმას იყენებენ. სებ-ის განცხადებით, "ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია" მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ვეხმაურებით ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან.
სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია. სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა რეგულატორის ზედამხედველობითა და ხელშეწყობით ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხით.
შესაბამისად, ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას" - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.
ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს, "სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის დამხმარეთა ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს".