ევროპარლამენტის რეზოლუცია

ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით

ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები. უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია, ის პოლიტიკური ძალები.

მათ სხვა არაფერი არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც გააჩნიათ, არის აი, ასე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყო თუ მომავალი. არც ამით იწყება და არც ამით არ მთავრდება.

საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებს, ვინც ამ რეზოლუციებს წერს და შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად.

ამბობს TV იმედის ეთერში საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს. 

რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.

კომენტარები