ევროპარლამენტის რეზოლუცია

პრემიერი რეზოლუციაზე: მზად ვართ, ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. მის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერი ეთანხმება ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.

"მე სრულად ვიზიარებ ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე ჩემი პირველი გამოსვლისას, სწორედ მსგავსი განცხადებით მივმართე როგორც მმართველ კოალიციას, ისე - ოპოზიციას და ამ პრინციპის ერთგული დავრჩები. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია 2016 წლის არჩევნების თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეს“, - თქვა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებაში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც საუბრობს.

"ოთხეტაპიანი სასამართლო რეფორმის მიზანი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება, გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოებისა და მედიისათვის სასამართლო სხდომების გასაჯაროების გზით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება. რაც შეეხება რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა.

2015 წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჩამოყალიბდა გენდერულად დაბალანსებული, 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია კოლეგების მიერ არჩეული პროკურორებით და საკანონმდებლო, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, კომისიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული 37 რეკომენდაციიდან 35 გაითვალისწინა.

ანალოგიურად, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, გატარებული რეფორმის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შემთხვევებში, დაინერგა ხშირი, პერიოდული და ავტომატური სასამართლო განხილვები. ამასთანავე, 9 თვემდე შეიზღუდა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომლის გახანგრძლივება ახალი ბრალდების წაყენების შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდა.

რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მოსამართლეებმა თავიანთი მოვალეობები ხელისუფლების ან ოპოზიციის ზეწოლის გარეშე უნდა განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და სამართალმცოდნეთათვის საკამათო გახდა. სპონტანური სახის საპროტესტო აქციები საკონსტიტუციო სასამართლოსა და რამდენიმე მოსამართლის საცხოვრებელი ადგილის წინ ჩატარდა. საქართველოს მთავრობამ შეძლო კანონის სათანადოდ აღსრულების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უზრუნველყოფა", - თქვა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე საუბრობს მედიაგარემოზეც და ამბობს, რომ საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

"ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან. რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დავას, რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები