გაზპრომთან მოლაპარაკებები

გოცირიძე: მთავრობამ გაზპრომთან კაპიტულაცია განიცადა

დღეს ენერგეტიკის სამინისტროში ტყუილებით გაბერეს ჟურნალისტები და ექსპერტები. მთავრობამ გაზპრომთან კაპიტულაცია განიცადა. იმ თაგვივით მოუვიდა, რომელიც გემრიელ ნამცხვარს ელოდებოდა და იმდენი თხარა, რომ კატა გამოთხარა. საქართველო გაზპრომიდან ღებულობდა გატარებული გაზის 10 პროცენტს. მიუხედავად რუსული მხარის არაერთგზის მცდელობისა, მან ეს სქემა ვერ შეცვალა თვით 2008 წლის ომის დროსაც კი. მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - სომხეთს, სადაც ენერგოსექტორი თითქმის ასი პროცენტით მას ეკუთვნის, სხვანაირად ვერ მოამარაგებდა.ბლეფია, რომ რუსეთს ამის უზრუნველყოფა ირანიდან შეუძლია. სომხეთში ამ ქვეყნიდან შედის ვიწრო, დაბალი გამტარუნარიანობის მილი, რომლითაც მარაგდება მხოლოდ თბოელექტროსადგურები და საქართველოში გამავალი ტრანზიტული მილსადენის გამორთვის შემთხვევაში სხვა დამატებითი ტექნიკური სირთულეებიც წარმოიშვება, რაც შეუძლებელს ხდის სომხეთის გაზით სრულად მომარაგებას. საქართველოსთვის რუსეთის მიერ დატოვებული გაზის მოცულობა და მისი ღირებულება საკმაოდ მომგებიანია. მაგრამ ამაში შედის ის ფასიც, რაც ამორტიზებულ მილში ქართულმა სახელმწიფომ გაიღო საბიუჯეტო დანახარჯებისა და გრანტების სახით. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 მილიონი დოლარი გამოგვიყო მისი რეაბილიტაციისათვის. დიდია ამ მილის საექსპლუატაცი ხარჯები. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მილსადენით მომსახურება, რომელიც ფაქტობრივად სომხეთისთვის არსებობს, არ უნდა ღირდეს იაფი, თანაც, როცა მას ფაქტობრივად, მონოპოლისტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე.

ეკონომისტი რომან გოცირიძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე

კომენტარები