დიდთოვლობა

პრემიერი: თუ კონტრაქტორი კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებას, სანქცია დავუწესოთ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მას უთხრა, დიდთოვლობის დროს ზოგიერთ ადგილას გზების გაწმენდა გვიანდებოდა და შესაძლოა, ამის გამო გარკვეულ კომპანიებს სანქცია დაუწესდეთ.

პრემიერმინისტრის მოსაზრებით კი, ვალდებულებების არშემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიებს სანქციები ნამდვილად უნდა დაუწესდეთ. 

"სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირეველს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ამას რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები