უამინდობა საქართველოში

ენერგო პრო: აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების 2%-ს. 

"სტიქიის მიუხედავად, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა არ მომხდარა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია აბონენტების 95%-ს. ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 2%-ს. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა დროულად აღუდგინოს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება. ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია. კომპანიის ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები ოპერატიული მუშაობისთვის. ისინი აგრძელებენ მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები