სამთავრობო ცვლილებები

კვირიკაშვილის კაბინეტში ახალი მხოლოდ საგარეო მინისტრი იქნება

გიორგი კვირიკაშვილი
ტაბულა

მინისტრთა კაბინეტში ახალი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძე წარადგინა. კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ ამ ცვლილებათა დამტკიცების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს. მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებების შესახებ კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.

"მინდა, განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას." - წერია კვირიკაშვილის მიმართვაში.

კვირიკაშვილის ამავე მიმართვიდან ირკვევა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არაა.

"პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება."- წერია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები