სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები

ომბუდსმენი: საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში შენიშვნები არ გაითვალისწინა

"მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები საფრთხის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და საზოგადოებაში საბჭოს ობიექტურობის შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს," - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესს. 

ომბუდსმნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე შეაჯამა კონკურსის შედეგები, რომ სახალხო დამცველის მიმართვა არც ერთ ეტაპზე არ განიხილა.

"მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკის ფონზე წარიმართა. არაერთი საფუძვლიანი შენიშვნა იქნა გამოთქმული კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება დასმულ პრობლემებზე.

საყურადღებოა შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების არგამოქვეყნებას, კონკურსის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე არასათანადო რეაგირებას, გასაუბრების პროცესში კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, საბჭოს ცალკეული წევრების სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს და ა.შ," - ნათქვამია განცხადებაში. 

ეს კი, ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლო სისტემის და საერთოდ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

"სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმართული პროცესის მიმართ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში არსებული ლეგიტიმური კითხვები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დროულად განაახლოს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების განხილვა, რათა მოსამართლეთა დანიშვნის შემდგომი პროცესი სრულყოფილად წარიმართოს," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 

კომენტარები