პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას უარყოფითად აფასებს.
"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვასაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან", - თქვა პრეზიდენტმა.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მან 11-დან 10 ხმა მიიღო.
პარალელურად აქცია გაიმართა საბჭოს შენობასთან. პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას აპროტესტებდნენ. აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ლევან მურუსიძეს გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო არ ჰქონდა უფლება, ხელმეორედ აერჩიათ მოსამართლედ.
მურუსიძე 3 წლის გამოსაცდელი ვადით აიჩიეს.





