საპოლიციო გამოსახლება

აბაშიშვილი: საპოლიციო გამოსახლების გაუქმების პროექტი კითხვის ნიშნებს აჩენს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას უმრავლესობით დაუჭირა მხარი. უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ვეტოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, კანონპროექტი საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რის გამოც ბიზნესთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროება არსებობს.

"როგორც წესი, ვეტოს დაანონსება არ ხდება, პირველ რიგში, ჯერ უნდა ვნახოთ კანონის პროექტი. რამდენადაც ჩანს, ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა არც მთავრობასა და ბიზნესს და არც პარლამენტსა და ბიზნესს შორის. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც კანონის პროექტი შეეხება ბიზნესს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის შემუშავების პროცესში ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს უფრო მეტი განმარტება, რადგანაც პროექტი საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს", - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

ბანკების ასოციაცია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ბანკების ასოციაცია კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ბანკებისთვის გაზრდილი რისკების გამო, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდება. 

"სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული და სწორედ რისკების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და ეს სერიოზული პრობლემაა, იმ დროს, როდესაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მთავარი არის საკუთრების უფლება და მისი დაცვა", - ამბობს ზურაბ გვასალია.

კანონპროექტის მიხედვით, ქონების მეპატრონეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აღარ ექნება უფლება, უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების შესახებ პირდაპირ პოლიციას მიმართოს, ამისთვის მან თავდაპირველად სასამართლოში უნდა შეიტანოს საჩივარი და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიეცემა ან არ მიეცემა საკუთრებაში მცხოვრები პირების პოლიციის მეშვეობით იძულებით გამოყვანის უფლება. 

აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა.

კანონის ავტორი უმრავლესობის წევრი პაატა კიკნაველიძეა. კიკნაველიძის შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ამაღლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი მათთან ხელმოსაწერად ჯერ არ შესულა.

კომენტარები