საარჩევნო კოდექსი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. 80 მომხრე: 3 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა დღევანდელი კენჭისყრა.

მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსის განხილვა კამათში გადაიზარდა. სესიაზე ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა სუბელიანი და ქართული ოცნების დეპუტატი გიგა ბუკია დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია უმრავლესობას კოდექსის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებს. უმრავლესობა კი უმცირესობის შენიშვნებს არ იზიარებს.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პროექტში ცვლილებები შევიდა, რომელიც საარჩევნო ოლქების თავიდან გადანაწილებას ეხება. ამ ცვლილებების მიხედვით, კონკრეტულ რაიონებსა და ქალაქებში საარჩევნო ოლქების რაოდენობა იზრდება. სწორედ ოლქების ამგვარ გადანაწილებას ეწინააღმდეგებიან უმცირესობის წევრები.

პროექტში შესული ცვლილებების მიხედვით, თბილისში 18 ის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება. მოქმედი კანონმდებლობით თბილისში 10 ოლქია. ასევე ორი საარჩევნო ოლქი ექნება რუსთავის მუნიციპალიტეტს, ხოლო ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული რამდენიმე სოფელი სამი მაჟორიტარული ოლქით იქნება წარდგენილი.

კომენტარები