თბილისის მერია ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის ნანა მაისურაძის დაკავებას ეხმაურება. მერიის განცხადებით, "ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომელთაც აქვთ მცდელობა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციას არ აქვს გაღვივების შესაძლებლობა და ჩანასახშივე ხდება მისი აღკვეთა".
თბილისის მერია მოუწოდებს თანამშრომლებს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, "ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს". წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, "მკაცრი ზომები გატარდება".
"უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მერია მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას, ყველა იმ უპასუხისმგებლო და კანონის წინაშე არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, გამოვლენაში და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის პროცესში", - აცხადებს მერია.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 16 დეკემბერს, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეციალისტის დაკავებას, ამასთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის გადაწყვეტილებით, სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთ თვეს გასტანს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", - აცხადებს მერია.





