საგარეო ვაჭრობა

ნოემბერში ექსპორტი 8%-ით, იმპორტი კი 20%-ით შემცირდა

agenda.ge

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $187 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. ექსპორტთან ერთად შემცირებულია იმპორტის მოცულობაც. ნოემბერში საქართველოში უცხოეთიდან $579 მილიონის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. 

ექსპორტი უკვე მეორე წელია მცირდება, რადგანაც 2014 წლის ნოემბრის ექსპორტის მაჩვენებლები 2013 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირება კი ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, რის გამოც ისინი უფრო ნაკლები ღირებულების უცხოურ საქონელს ყიდულობენ.

2015 წლის მანძილზე ექსპორტი 23%-ით, იმპორტი კი 11%-ით შემცირდა

2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში $2 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. იმპორტი კი $6.8 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირება განსაკუთრებით შესამჩნევი წლის მეორე ნახევრიდან გახდა. 2015 წლის მეორე კვარტლიდან კლება შეეხო თითქმის ყველა საიმპორტო პროდუქტს, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტი. წლის მესამე კვარტალში კი სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შემცირდა თითქმის ყველა დასახელების საკვების იმპორტი, მაგალითად: კარტოფილი 20%-ით, ხორბალი 23%-ით, საქონლის ხორცი 36%-ით, ღორის ხორცი 28%-ით, ყველი და ხაჭო 10%-ით. 

სავაჭრო ბალანსი

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $4.8 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $4.8 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია. წინა წელთან შედარებით 17%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმში ზრდა მინიმალურია, ფულადი გზავნილები კი დაახლოებით ერთი მესამედით არის შემცირებული. 

კომენტარები