საპოლიციო გამოსახლება

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. 

ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ბანკების ასოციაცია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კანონპროექტს განხილვის პროცესშივე ეწინააღმდეგებოდნენ ბიზნესასოციაცია, ბიზნესომბუდსმენი, ბანკების ასოციაცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, "საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს". ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასებით კი, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან.

კომენტარები