ანტიდისკრიმინაციული კანონი

EMC: რელიგიის თავისუფლების და ლგბტ უფლებების დაცვის კუთხით ვითარება არ შეცვლილა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას აჯამებს. EMC-ის შეფასებით, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა, იმის გამო, რომ კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება". ორგანიზაცია ამ კუთხით განსაკუთრებით აღნიშნავს კერძო პირთა მიმართ დისკრიმინაციის საქმეების წარმოებაში სახალხო დამცველის შეზღუდულ და სუსტ მანდატს, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ინსტრუმენტების არარსებობას, სასამართლო სისტემის მოუმზადებლობას დისკრიმინაციის საქმეების წარმოებისთვის, დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ ზოგადი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განუხორციელებლობას.

EMC-ის ანგარიშის მიხედვით, "მიმდინარე წელს რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა და არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა არასეკულარულ და დისკრიმინაციულ მიდგომებს ეფუძნება და მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიურ პრეფერენცირებას ახდენს.

"საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ სეკულარიზმის პრინციპის დარღვევის რამდენიმე უხეში შემთხვევა, რაც სახელმწიფო პოლიტიკაში ეკლესიის მონაწილეობის ინსტიტუციონალიზების ტენდენციას ქმნის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკა, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ძირითად სამთავრობო უწყებად იქცა, არ პასუხობს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ის ძირითადად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის გზით არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს. სააგენტოს ხელში ძალაუფლების კონცენტრირების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა მიმდინარე რელიგიური კონფლიქტების პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობაზე უნდა უთითებდეს. სახელმწიფო კვლავ აგრძელებს მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკას, რაც მათგან მუსლიმი თემის გააუცხოებას იწვევს და ამ გზით ხელისუფლება მას თვითრეპრეზენტაციისთვის რელიგიურ სივრცეებსაც ართმევს. EMC მიიჩნევს, რომ ცალკეული ისლამური ჯგუფების რადიკალიზების პრობლემა, მათ შორის, მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკით არის განპირობებული. წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წელს სოციალური ხასიათის რელიგიური ძალადობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, მანამდე გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები რეალურად კონსერვირდა და სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო დისკრიმინირებული რელიგიური თემების უფლებების დაცვა, მათ შორის, სამთაწყაროში, ქობულეთში, თერჯოლასა და მოხეში. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტური გამოძიების ჩატარება და არც ერთი პირი არ დასჯილა. დაუსჯელობის პირობებში რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია, რასაც ყველაზე მარგინალიზებული რელიგიური თემის, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა ადასტურებს. საკულტო ნაგებობების მშენებობის პროცესში რელიგიური ორგანიზაციები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მხრიდან. ადვოკატირების მცდელობების მიუხედავად, საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს კვალვ უმოქმედებას ავლენს", - აცხადებს ორგანიზაცია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშის თანახმად, ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა ასევე არ შეცვლილა.

"ჰომოფობიური დისკურსის ზრდისა და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პოლიტიზირების ფონზე, ლგბტ თემისა და თემატიკის კიდევ უფრო მარგინალიზება ხდება. საკითხის პოლიტიზირების კონტექსტში ხაზგასასმელია პრემიერმინისტრის საჯარო განცხადება კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლისა და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებად მისი დავიწროების თაობაზე. 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების შეკრების ძალადობრივი დარბევისა და სახელმწიფოს აშკარად არაეფექტური პოლიტიკის გათვალისწინებით, თემის წევრებმა 2014 და 2015 წლებში ფაქტობრივად ვერ მოახერხეს შეკრების თავისუფლებით სარგებლობა. 2015 წლის 17 მაისს მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ჩატარებული რამდენიმე მცირე, იზოლირებული აქციის ჩატარება არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სახელმწიფოს მიერ ლგბტ თემის წევრებისთვის შეკრების თავისუფლების რეალური უზრუნველყოფა", - წერია EMC-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებითვე, 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების აქციის ძალადობრივი დარბევის საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენის ანალიზი აჩვენებს, ერთის მხრივ, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტურ საქმიანობასა და მეორეს მხრივ, სასამართლოს აშკარად დაუსაბუთებელ სამართლებრივ შეფასებებს. EMC იქვე აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამამართლებელი განჩინება მიიღო ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულზე, ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

"ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიებისა და პრევენციის მიზნით სამართალდამცავი ორგანოები არ უზრუნველყოფენ აუცილებელი სისტემური ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორის, სახელმწიფოს არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები; არ აწარმოებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩაღრმავებულ სტატისტიკას; არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული სპეციალური სამსახური, რომელიც სათანადო ცოდნითა და მგრძნობელობით იქნება აღჭურვილი; ლგბტ ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების მიუხედავად, სახელმწიფომ მიმდინარე წელს ასევე არ უზრუნველყოფს ტრანსგენდერი პირების გენდერის აღიარების პროცედურის დარეგულირება ისე, რომ აღმოიფხვრას ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უხეში დარღვევის არსებული პრაქტიკა", - ნათქვამია EMC-ის ანგარიშში.

კომენტარები