საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, IMF-ის პროგნოზების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ქუმსიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი 2017 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ფონდის პროგნოზი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ კი არა 6% არამედ 5%-ია.
"2017 წელი კი ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება, IMF-ის პროგნოზით ჩვენ გვექნება 6%-იანი ზრდა, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.
IMF-ის World Economic Outlook-ის მიხედვით კი, 2017 წელს საქართველოში 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ფონდში ამბობენ, რომ ეს პროგნოზი დღესაც ძალაშია და ის არ გადახედილა, ამიტომაც ფონდის ქართული წარმომადგენლობა მინისტრის ამ განცხადების სისწორეს ვერ ადასტურებს.
2015 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 2015 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.8%-ია, რაც საპროგნოზო ნიშნულს 0.8%-ით აღემატება. 2016 წელს კი სავალუტო ფონდიც და საქართველოს მთავრობაც 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა.