ნედლეული

ირანი OPEC-ისგან ნავთობის მოპოვების ზრდაზე ნებართვას ითხოვს

ნედლი ნავთობი
REUTERS

4 დეკემბერს OPEC-ის წევრი ქვეყნები შეხვედრას გამართავენ. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ირანი საკუთარი ყოველდღიური მოპოვების 500 000 ბარელით გაზრდას მოითხოვს, რასაც, როგორც ცნობილია, ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი მსოფლიო ბაზარზე დამატებითი ნავთობი გაჩნდება, რაც ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს. ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით $41-ს შეადგენს.

OPEC მსოფლიოს ნავთობის ბაზრის დაახლოებით ერთ მესამედს აკონტროლებს. 12 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა გასული 17 თვის მანძილზე საკუთარი წარმოება დღეში 30 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რითიც ნავთობის ფასის ვარდნას შეუწყო ხელი. ნავთობის მოპოვების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება OPEC-მა 2014 წლის 27 ნოემბერს მიიღო, მას შემდეგ ნავთობის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე დავიდა. 

ირანი საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის OPEC-ის მეორე უმსხვილესი მომპოვებელი იყო, სანამ 2012 წელს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები არ დაუწესეს. ირანს ბირთვულ პროგრამაზე დაწესებული სანქციების მოხსნამდე საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება არ შეუძლია.

რუსეთის ეკონომიკა ნავთობის ფასებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. რუბლის დევალვაციაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება, ამიტომაც არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი OPEC-თან მოლაპარაკებებს მართავს, რათა ორგანიზაციამ საკუთარი მოპოვება არ გაზარდოს.  

ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა: OPEC-ი, აშშ და რუსეთი, დაპირისპირებაა უფრო დიდი საბაზრო წილის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ყველაზე მეტ ნავთობს საუდის არაბეთი მოიპოვებს და მას საკუთარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მოგებიან ფასად ყიდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი პირველ რიგში ამერიკული ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ჩაძირვაა, რადგანაც ამ მეთოდით ნავთობის მოპოვება აშშ-ში საშუალოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იაფი არაბული ნავთობის მოპოვება. დაბალი ფასების პირობებში კი ინვესტორებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ინიციატივა შეუმცირდებათ და აშშ-ში მოპოვება შემცირდება, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვება.

ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მისი მოპოვება შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე საუდის არაბეთსა და ქუვეითში. ნავთობის ძვირადღირებული მომპოვებლებისთვის ფასების შემცირება საბიუჯეტო პრობლემებსა და ფინანსურ კრიზისს ნიშნავს. საბიუჯეტო შემოდინებების შემცირების გამო ვენესუელაში ფინანსური კრიზისი გაღრმავდა, ვენესუელის ინფლაციამ წელს უკვე 500%-ს გადააჭარბა, რაც სრულ ფინანსურ კრახს წარმოადგენს.

ნავთობის ფასების შემცირება მხოლოდ გაზრდილ მოპოვებას არ უკავშირდება, ჩინური ბირჟების ვარდნის გამო გაჩნდა მოლოდინები, რომ ჩინური ბაზარი მომავალში უფრო ნაკლებ ნავთობს მოიხმარს. განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა, რაც ნედლეულის ფასებზე უარყოფითად აისახება. 

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება.

კომენტარები