ნედლეული

ირანისთვის სანქციების მოხსნის შედეგად ნავთობის ფასი ბარელზე $28-მდე შემცირდა

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი ირანში
iranvajahan.net

ირანის ბირთვულ პროგრამაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შედეგად, ქვეყანას შეუძლია ექსპორტზე გაიტანოს მის ხელთ არსებული 157 მილიარდი ბარელი ნავთობი, რამაც ნავთობის ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირება უკვე გამოიწვია. ერთდროულად შემცირებულია რამდენიმე ტიპის ნავთობის ფასები: ამერიკული WTI-ის მარკის ერთი ბარელი ნედლი ნავთობი $29 ღირს, Brent-ის მარკის ღირებულება კი - $28.5-ია. 

ირანი ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მარაგების მიხედვით პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ვენესუელა - 297 მილიარდი ბარელი (თუმცა მოპოვება ძვირი ჯდება)
  2. საუდის არაბეთი - 268 მილიარდი ბარელი
  3. კანადა - 173 მილიარდი ბარელი
  4. ირანი - 157 მილიარდი ბარელი
  5. ერაყი - 140 მილიარდი ბარელი

ნავთობის ფასების ვარდნის მიზეზი OPEC-ის მიერ ნავთობის ჭარბი მოპოვება, ირანისთვის სანქციების მოხსნა, აშშ-ის მიერ ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა და ჩინური ბირჟების ვარდნაა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ ნავთობის მეორე უმსხვილესი მომხმარებელია, მის ბაზარზე არსებული პანიკა კი ნედლეულის ფასის შემცირებას იწვევს. 

არსებობს მოლოდინი, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ამის მიზეზს ნავთობის თვითღირებულება ქმნის. უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ერთი ბარელის თვითღირებულება $15-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგალითად, ირანული ნავთობის ღირებულება ბარელზე $12.6-ია, ემირატები ბარელ ნავთობს $12.3-ად მოიპოვებს, საუდის არაბეთში ბარელის მოპოვება $9.9 ჯდება, ქუვეითში კი მისი ღირებულება კიდევ უფრო ნაკლები, $8.5-ია.

WTI-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი გასული ხუთი წლის მანძილზე:


ფოტო: Bloomberg.com

კომენტარები