ნედლეული

ნავთობის მოპოვება არ შემცირდება, რის გამოც ნავთობის ფასი დღეს კიდევ შემცირდა

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი ირანში
iranvajahan.net

18 აპრილს საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობა ნავთობის ფასების 6%-იანი ვარდნით დაიწყო, რისი მიზეზიც კატარში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა (OPEC) და სხვა მსხვილი მწარმოებლების სამიტზე ნავთობის ყოველდღიური მოპოვების უცვლელ მაჩვენებელზე დატოვება გახდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების მინისტრები მოპოვების შემცირების შესახებ გეგმავდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა სამიტს შეთანხმების მოწინააღმდეგე ირანული მხარე არ ესწრებოდა. გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ბირჟებზე ნედლი ნავთობის (Brent Crude) ფასი საშუალოდ 6%-ით $37-მდე შემცირდა.

ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ნამდან ზანგანეჰმა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს სანქციების გამო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ექსპორტი წლების მანძილზე არ შეეძლო, სანქციების შერბილების შემდეგ კი ნავთობის ექსპორტი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ქვეყანა ნავთობის მოპოვების შემცირებას მხარს ვერ დაუჭერდა. ირანი დღეისთვის საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი წილის დასაბრუნებლად იბრძვის.

ირანი ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მარაგების მიხედვით პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ვენესუელა - 297 მილიარდი ბარელი (თუმცა მოპოვება ძვირი ჯდება)
  2. საუდის არაბეთი - 268 მილიარდი ბარელი
  3. კანადა - 173 მილიარდი ბარელი
  4. ირანი - 157 მილიარდი ბარელი
  5. ერაყი - 140 მილიარდი ბარელი

ნავთობის ყოველდღიური მოპოვების შემცირება დღის წესრიგში პირველად გასული წლის ივნისში დადგა, თუმცა მაშინ OPEC-მა მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება ვერ მიიღო, 2016 წლის იანვარში კი ირანს სანქციების შემსუბუქების გამო ექსპორტის აღდგენის საშუალება მიეცა, რასაც ნავთობის ისედაც შემცირებული ფასების კიდევ უფრო მეტად ბარელზე $27-მდე შემცირება მოჰყვა. თებერვალში კი ნავთობის ფასების 13 წლის მინიმუმამდე შემცირების გამო ნავთობექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა მოპოვების შემცირების შესახებ დაიწყეს მოლაპარაკებები, რის გამოც აპრილში ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება დაახლოებით $42-მდე გაიზარდა. 

ნავთობის ფასების ვარდნის მიზეზი OPEC-ის მიერ ნავთობის ჭარბი მოპოვება, ირანისთვის სანქციების მოხსნა, აშშ-ის მიერ ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა და ჩინური ბირჟების ვარდნაა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ ნავთობის მეორე უმსხვილესი მომხმარებელია, მის ბაზარზე არსებული პანიკა კი ნედლეულის ფასის შემცირებას იწვევს. საუდის არაბეთი OPEC-ის ყველაზე გავლენიანი წევრია, საუდის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ სამეფოს ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობის მიწოდება უმოკლეს პერიოდში შეუძლია, ქვეყანა დღეში დაახლოებით 10.5 მილიონ ბარელს მოიპოვებს, პრინცის თქმით, ამ მაჩვენებლის გაზრდა გარკვეული ინვესტიციების შემთხვევაში დღეში 20 მილიონ ბარელამდეც შეიძლება.

უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ერთი ბარელის თვითღირებულება $15-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგალითად, ირანული ნავთობის ღირებულება ბარელზე $12.6-ია, ემირატები ბარელ ნავთობს $12.3-ად მოიპოვებს, საუდის არაბეთში ბარელის მოპოვება $9.9 ჯდება, ქუვეითში კი მისი ღირებულება კიდევ უფრო ნაკლები, $8.5-ია.

კომენტარები