ნედლეული

Shell-ი წელს 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

Bloomberg

ჰოლანდიური ენერგოგიგანტი Royal Dutch Shell-ი წელს 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს. მიზეზი ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული მოგების მკვეთრი შემცირებაა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბენ ვან ბურდენის თქმით, Shell-ი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ნავთობის ფასის შემცირებასთან გასამკლავებლად. ერთ-ერთი კი, პერსონალის შემცირებაა. კომპანიამ ასევე რამდენიმე მსხვილ პროექტზე თქვა უარი, ერთ-ერთი ალასკის სანაპიროზე ჩრდილოყინულოვან ოკეანეში ნავთობის მოძიებაა.

2015 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, Shell-ის მოგება $4.2 მილიარდი იყო, წელს კი იმავე მაჩვენებელმა $1.8 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო 13 წლის მანძილზე მოგების ყველაზე დიდი ვარდნაა. 2014 წელთან შედარებით კომპანიის მთლიანი შემოსავალი $19 მილიარდიდან $3.8 მილიარდამდე შემცირდა. Shell-ის აქციების ღირებულება კი გასული 10 წლის მინიმუმამდე არის დაცემული. 

Shell-თან ერთად ნავთობის ფასების ვარდნის გამო თანამშრომელთა შემცირებას ბრიტანული BP-იც გეგმავს BP წელს 160-ზე მეტი ნავთობპლატფორმისა და 4000 სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. 

გასული წლისა და სამი თვის მანძილზე ნედლი ნავთობის ფასი 73%-ით შემცირდა, რამაც ყველა ნავთობკომპანიის ფინანსებზე უარყოფითი გავლენა იქონია. 

კომენტარები