რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2: სააპელაციო სასამართლომ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება გააუქმა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. 

ტელეკომპანიის ცნობითვე, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა დავით დვალის მოთხოვნა, დროებითი მმართველების სიიდან მისი ამორიცხვის გაუქმების შესახებ.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის იურისტების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ანუ გაუქმდა გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას ეზღუდებოდა სტუდიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ქონების გაქირავება. დღეიდან, კომპანაის შეუძლია სამი თვით გააქირავოს ტექნიკა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. მოსამართლე ურთმელიძემ კი, 5 ნოემბერს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერა და დროებითი მმართველობა დანიშნა.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა. 13 ნოემბერს კი საკონსტიტუციო საამართლომ ის ნორმები შეაჩერა, რომლის საფუძველზეც მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა.

კომენტარები