საგარეო ვაჭრობა

2015 წელს თითქმის ყველა დასახელების საკვების იმპორტი შემცირდა

wikimedia.org

2015 წელს საქართველოს მოსახლეობა წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ საქონელს ყიდულობს. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტლიდან კლება შეეხო თითქმის ყველა საიმპორტო პროდუქტს, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტი. წლის მესამე კვარტალში კი სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შემცირდა თითქმის ყველა დასახელების საკვების იმპორტი, მაგალითად: კარტოფილი 20%-ით, ხორბალი 23%-ით, საქონლის ხორცი 36%-ით, ღორის ხორცი 28%-ით, ყველი და ხაჭო 10%-ით. 

"სასაქონლო ჯგუფების მიხედვით იმპორტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში იმპორტის კლება ძირითადად განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის იმპორტის 27%-იანი კლებით, რომლის წვლილმა მთლიანი იმპორტის შემცირებაში -13.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საინვესტიციო ტიპის საქონლის წლიური კლება შედარებით მოკრძალებული (-9%) იყო. რაც შეეხება შუალედური ტიპის საქონელს, ამ შემთხვევაშიც შემცირება დაფიქსირდა, შედარებით დაბალი, -5.2%-იანი ტემპით, რომლის გავლენამ იმპორტის კლების მთლიან მაჩვენებელზე -2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სულ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში იმპორტი (C ჰეპატიტის წამლების გარეშე) შემცირდა 14%-ით", - წერია ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის ინფლაციის მიმოხილვაში.

იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შემოსავალი აქვს ლარში, მისი გაუფასურების გამო უცხოური საქონელი გაძვირდა - ამიტომაც მოსახლეობამ ამ საქონლის ყიდვა შეამცირა. საქართველოში გაყიდული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია, მისი შემცირების გამო კი ქვეყანაში საქონლისა და პროდუქციის მოხმარების დონე შემცირებულია.

კომენტარები