საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი ძირითადი საიმპორტო საქონლიდან ექვსის იმპორტი შემცირებულია

Getty Images

საქსტატის ცნობით, საქართველოს ათი უმსხვილესი საიპმორტო საქონლიდან ექვსის იმპორტი შემცირებულია. 2015 წლის იანვარ - ოქტომბერში შემცირდა ისეთი საქონლის იმპორტი როგორცაა: ხორბალი, ავტომობილები, მობილური ტელეფონები, არმატურა და სხვა პროდუქტები. ეროვნული ბანკის ცნობით 15 წლის მესამე კვარტალში 27%-ით შემცირდა სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი, რაც სავაჭრო დაწესებულებების გაყიდვებზე უარყოფითად აისახება.

პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

 

  1. მსუბუქი ავტომობილები - $221 მილიონიანი კლება
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $214 მილიონიანი კლება
  3. ხორბალი - $30 მილიონიანი კლება
  4. მობილური ტელეფონები - $21 მილიონი
  5. არმატურა - $19 მილიონიანი კლება
  6. სიგარეტები - $9 მილიონიანი კლება

ძირითად საიმპორტო საქონელთან ერთად $624 მილიონით არის შემცირებული სხვა დასახელების პროდუქციის იმპორტიც. მთლიანად იმპორტის შემცირებამ წელს 10% შეადგინა. იმპორტის შემცირებას გარკვეული დადებითი ეფექტიც აქვს, რადგანაც იმპორტი საგარეო ვალთან ერთად ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. იმპორტის შემცირების დროს კი ქვეყნიდან უფრო ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა გაედინება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ მას ქვეყნის მთლიან მოხმარებაზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტლიდან კლება შეეხო თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს. მნიშვნელოვანად არის შემცირებული გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტი. კერძოდ კი, სხვადასხვა ტიპის ელექტრო მოწყობილობების და სამშენებლო ტექნიკისა თუ მასალების შესყიდვები. მაღალია კვების პროდუქტების იმპორტის კლების წვლილი მთლიანი იმპორტის შემცირებაში."სასაქონლო ჯგუფების მიხედვით იმპორტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში იმპორტის კლება ძირითადად განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის იმპორტის 27%-იანი კლებით, რომლის წვლილმა მთლიანი იმპორტის შემცირებაში -13.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა." - წერია ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის ინფლაციის მიმოხილვაში.

იმპორტი ქვეყნიდან ფულის გადინების მნიშვნელოვანი წყაროა, მაგრამ არა ყოველთვის, თუკი საქმე გრანტით დაფინანსებულ იმპორტს ეხება. 2015 წელს საქართველოში შემოვიდა ახალი თაობის C ჰეპატიტის მედიკამენტები, რომლის ღირებულებაც $300 მილიონს აღემატება, თუმცა ამ საქონლის სანაცვლოდ საქართველოდან ფულის გადინება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომამ საქონლის გარეშე მთლიანი იმპორტი არა 10%-ით არამედ 14%-ით შემცირდა. 

მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კლება საქართველოს ავტოექსპორტში არსებულ კრიზისს უკავშირდება. გასულ წელს საქართველოში $602 მილიონის ღირებულების უცხოური ავტომობილები შემოვიდა, რომლიდანაც $455 მილიონის მანქანები რეგიონის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდა. აზერბაიჯანის მიერ ავტოიმპორტზე დაწესებული რეგულაციების გამო კი ქართველ ავტოდილერებს უმსხვილესი ბაზარი დაეხურათ, რის გამოც სფერო კრიზისში აღმოჩნდა. 2015 წელს $300 მილიონით ნაკლები ავტომობილები გავიდა ექსპორტზე. 

კომენტარები