საქსტატის ცნობით, საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი შემცირებულია. ამ პროდუქტებზე ექსპორტის შემცირებით საქართველომ $0.5 მილიარდზე მეტი მოცულობის სავალუტო შემოსავალი დაკარგა. 2015 წელს შემცირდა ისეთი პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა: სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები და სხვა პროდუქტები.
პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- ავტომობილების ექსპორტი (რეექსპორტი) $301-მილიონიანი კლება
- ფეროშენადნობები $83-მილიონიანი კლება
- ღვინის ექსპორტი $75-მილიონიანი კლება
- მინერალური წყლები $56-მილიონიანი კლება
- სპირტიანი სასმელები $15-მილიონიანი კლება
- აზოტოვანი სასუქები $11-მილიონიანი კლება
- სპილენძის მადნები $10-მილიონიანი კლება
ძირითად საექსპორტო საქონელთან ერთად $126 მილიონით არის შემცირებული სხვა დასახელების პროდუქციის ექსპორტიც. მთლიანად ექსპორტის შემცირებამ წელს 24% შეადგინა. ექსპორტის შემცირების გამო ქვეყანაში უფრო ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ათი ძირითადი საქონლიდან სამის ექსპორტი გაზრდილია - ასეთებია: თხილი და კაკლები (ზრდა $8 მილიონი), ნედლი ნავთობი (ზრდა $61 მილიონი) და სამკურნალო საშუალებები (ზრდა $36 მილიონი).
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, ავტომობილების ექსპორტის $301-მილიონიანი კლების გამო კი საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს დღეს სპილენძის მადნები წარმოადგენს.