საავტომობილო გზები

ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი / საავტომიბილო გზების დეპარტამენტი, ფარავნის უღელტეხილი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ძველი სახელწოდებით ტიკმანტაჟის უღელტეხილი), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნინოწმინდის მიმართულებით მოკლე გზით იმგზავრონ.

"აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაკეტილი. აღსანიშნავია, რომ ფარავნის უღელტეხილი ზამთარში უმკაცრესი კლიმატით ხასიათდება. ხშირად, ერთდროულად არის დიდთოვლობაც, ძლიერი ყინვაც და ქარბუქიც. ამ დროს: გზის გაწმენდითი სამუშაოები არ არის ეფექტური, რადგან რამდენიმე წუთში ქარბუქისაგან მოტანილი ნაქმერი ისევ ავსებს გზის სავალ ნაწილს; არ ჩანს გზა, რის გამოც შეუძლებელია მიმართულების განსაზღვრა და გადაადგილება; მიმდებარედ არ არის დასახლებული პუნქტები და აქ ჩარჩენის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ერთი კვირის წინ, ამინდის გაუარესების გამო, უღელტეხილიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს გზით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათ დასახმარებლად შესულმა მაშველებმა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. ისინი, ჩვენმა სამსახურებმა ხილვადობის მომატებასთან ერთად, ურთულეს პირობებში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გამოიყვანეს" - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი იკეტება და ამინდის გაუმჯობესების გრძელვადიან პროგნოზამდე ნინოწმინდის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.

კომენტარები