ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი 15:00-ზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ისინი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დანიშნული დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის განცხადებაზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის, დავით დვალის თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მართვის უფლებას გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს ცალმხრივად ანიჭებენ. მათ ამგვარი წინადადებით ტელეკომპანიას ადრეც მიმართეს, თუმცა, არხის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. რუსთავი 2 თამაზ ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ უკანონოდ მიიჩნევს და, შესაბამისად, არხის მოსაზრებით, დვალი და საყევარიშვილი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები არ არიან.
დვალის და საყევარიშვილის თქმით, უფლებამოსილების მინიჭების დადგენილება ტელეკომპანიაში დღეს გაიგზავნება. "უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, აფუნქციონიროს რუსთავი 2", - ამბობს დავით დვალი. მისი თქმით, უდუმაშვილს უფლებამოსილებას ანიჭებენ იქამდე, სანამ სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვა დასრულდება.





