სახელმწიფო ბიუჯეტი

ნოდარ ხადური ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონით გაზრდას ითხოვს

mof.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონით გაზრდას ითხოვს. შესაბამისი წინადადებით ხადურმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სხდომაზე მიმართა. 

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს, ჩვენ 283 მილიონით გვინდა შევამციროთ სესხები შიდა ბაზარზე – სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. არის კიდევ გარკვეული დეტალი, მაგალითად, გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა და მთავრობას მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, რის შემდეგადაც განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები