გიორგი მდინარაძის საქმე

შსს: მდინარაძემ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

RFE/RL

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მდინარაძე წუხელ, ადმინისტრაციულ სამართალკდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"დაკითხვის დროს პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაკავების დროს გაუწია წინააღმდეგობა" - აცხადებენ შსს-ში.

ტაბულას კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი მდინარაძე მისი მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას არ ადასტურებს, უწყებაში უპასუხეს - "ჩვენი კომენტარი ეს არის, დანარჩენს გენინსპეცია შეისწავლის".

ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. მდინარაძე, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში პოლიციელები გაუსწორდნენ. ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა, კერძოდ კი დუმილის უფლების გამოყენება. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა.

 

კომენტარები