გიორგი მდინარაძის საქმე

ადვოკატის ცემაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ უფროსს 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

"სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვირკვაიას ბრალად ედებოდა ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. 2015 წლის 8 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კვირკვაიას შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ.ბ-ისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის - ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების არჩევის გამო. ლაშა კვირკვაიამ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება" - აცხადებს პროკურატურა.

ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას ჯარიმა შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ, ლაშა კვირკვაიამ 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

განაჩენის მიღებისა და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარე განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია პროკურატურამ 2015 წლის 13 ნოემბერს დააკავა. მას, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ცემაში ადანაშაულებდა. მდინარაძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

ლაშა კვირკვაია გირაოს სანაცვლოდ 2015 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

კომენტარები