გიორგი მდინარაძის საქმე

HRIDC: ფაქტობრივად, მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ თავისი გადაწყვეტილებით, "ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა". ცნობისთვის, სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის ნაწილში. ადვოკატი გიორგი მდინარაძე პოლიციის უფროსს ლაშა კვირკვაიას ცემაში ადანაშაულებდა.

"მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. საპირისპიროდ, მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ ბრალდებული ლაშა კვირკვაია" - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია პროკურატურამ 2015 წლის 13 ნოემბერს დააკავა. მას, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ცემაში ადანაშაულებდა. მდინარაძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

ლაშა კვირკვაია 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2015 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. მას სასჯელის სახით სწორედ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები