რუსთავი 2-ის საქმე

სალია: ყარამანიშვილების გადაწყვეტილება კომპანიის ინტერესებს არ ემსახურება

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 91%-იანი წილის მფლობელი ყარამანიშვილების გადაწყვეტილება კომპანიის ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, შერჩეულია კონფრონტაციული ტონი, რაც არ ტოვებს სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ "მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები". ასე ეხმაურება სალია ყარამანიშვილების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აპირებენ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. 

"მათ შესთავაზეს ყარამანიშვილებს ასე ვთქვათ წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატურა, რათა სანამ სასამართლო იმსჯელებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე, ამ პერიოდში ყოფილიყო კონსესუსი მიღწეული მხარეებს შორის. სამწუხაროდ, ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კონფრონტაციული ტონი, ჩემი აზრით, ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები. მათ პირდაპირ ევალებათ რომ დაიწყონ მოქმედება და თუ ისინი არ იმოქმედებენ, ამან შეიძლება კომპანიას მიაყენოს ზიანი. მე ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება რეალურად არ ემსახურება კომპანიის ინეტერესებს" - აცხადებს სალია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა 5 ნოემბერს გაავრცელეს განცხადბა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ამ ეტაპზე მზად არიან გაიზიარონ მოქმედი პარტნიორების, (ყარამანიშვილების) სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მიანიჭონ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში. ყარამანიშვილებმა საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელეს, რომლის მიხედვით ისინი არ აპირებენ თანმშრომლობას და კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას.

 

კომენტარები